განათლების რეფორმა: საჭირო ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის (ნაწილი 1)

"გამარჯობა აბიტურიენტებო,
ჩვეული განახლების ნაცვლად გვინდა მოკლედ ვისაუბროთ მიმდინარე განათლების რეფორმაზე, რადგან თითქმის ყველა აბიტურიენტს აქვს უამრავი კითხვა. საიტის განახლებებზე მუშაობას კი ჩვენ ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ და მალე გაგიზიარებთ სიახლეებს.
აბიტურიენტობა ცვლილებების და გაურკვევლობის დროს საკმაოდ რთული და სტრესულია. მეც წლების წინ მსგავს გაურკვევლობაში ვიყავი, როდესაც აღმოჩნდა, რომ თერთმეტის ნაცვლად თორმეტი კლასი მიწევდა. ერთადერთი რასაც გირჩევდით, დაელოდეთ ოფიციალურ ინფორმაციას, ზედმეტად ნუ ჩაიციკლებით არასრულ ინფორმაციაზე ნერვიულობაში და რაც მთავარია, გააგრძელეთ მეცადინეობა და მომზადება. ეს ერთადერთია რაც გარანტირებულად მოგეხმარებათ ნებისმიერ შემთხვევაში."
ირაკლი
FoxPrep.ai-ს დამფუძნებელი
⚠️ გაფრთხილება: ამ ტექსტში განხილულია რამდენიმე ფაქტორი 2025 წლის 9 დეკემბრის მდგომარეობით განათლების რეფორმასთან დაკავშირებით. ძირითადი ტექსტი ეყრდნობა დაშვებებს და არა სრულ ინფორმაციას. ეს ტექსტი გამოიყენეთ, როგორც ერთი ცალკეული ანალიზი, მაგრამ გადაწყვეტილებების მიღებისას გამოიყენეთ მხოლოდ ოფიციალური რესურსები და იქ განთავსებული ინფორმაცია.
💡 თხოვნა: თუ ქვემოთ მოყვანილ ინფორმაციას სადმე წაიღებთ, გთხოვთ წყაროს სახით ჩვენი ლინკი მიუთითოთ.
რა ვიცით დღეს?
პირდაპირ გეტყვით, ყველა სიახლეს, ბრიფინგს და გადაცემას ამ საკითხზე არ ვუზივარ. თუმცა არის რამდენიმე ასე თუ ისე დადასტურებული ფაქტი, რომლებსაც შეგვიძლია დავეყრდნოთ:
- გრანტის სისტემა წარსულში არსებული სახით უქმდება.
- სახელმწიფო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტები უფასოდ ისწავლიან.
- შესაბამისად, კერძო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის სახელმწიფოდან მიღებული დაფინანსების წყარო არ იარსებებს (დღევანდელი მდგომარეობით).
- ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპი, თუმცა აქ დეტალები ჯერ ჯერობით უცნობია.
- ბაკალავრიატი ხდება სამ წლიანი, ოთხის ნაცვლად. უცნობია ეს ყველა პროგრამას და კერძო უნივერსიტეტებს თანაბრად ეხება თუ არა.
- ერთიანი ეროვნული გამოცდები დარჩება ჩარიცხვის სტანდარტიზირებულ მეთოდად.
ოფიციალურ დოკუმენტს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: განათლების რეფორმის დოკუმენტი
რას გვაძლევს არსებული ინფორმაცია?
დღეს არსებული ინფორმაცია არ არის სრული - ბევრი დეტალი ჯერ არ გასაჯაროებულა, ეს დეტალები კი აუცილებელია ზუსტი დასკვნების გამოსატანად.
თუმცა, შეგვიძლია გავაკეთოთ გარკვეული დაშვებები და გამოვიყენოთ წინა წლის მონაცები, რათა განვიხილოთ სავარაუდო სცენარები, და რაც მთავარია - რას ნიშნავს ეს თქვენთვის, აბიტურიენტებისთვის.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრს, ოფიციალურ გვერდზე უდევს ძალიან საინტერესო მონაცემები ერთიანი ეროვნული გამოცდები 2025-ის შესახებ: ერთიანი ეროვნული გამოცდები 2025
რადგან ეს ყველაზე ბოლო და ზუსტი მონაცემია, მოდით ერთად განვიხილოთ ის უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ჭრილში გარკვეული დაშვებებით. გაითვალისწინეთ, რომ ქვემოთ მოყვანილი ანალიზი მთლიანად ეყრდნობა ამ დოკუმენტში არსებული მონაცემების სიზუსტეს, რაზეც ჩვენ თავს ვერ დავდებთ რადგან ამ ფაილთან დაკავშირებული არანაირი მეთოდოლოგია ან დოკუმენტაცია არ გამოქვეყნებულა.
ძირითადი მონაცემები
მონაცემების მიხედვით, 2025 წელს 39,174 აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული. ხოლო მათგან ჩაირიცხა 31,705 - რეგისტრირებულების 79.6%.
7,469 არ ჩარიცხული აბიტურიენტი საკმაოდ ბევრია - ამიტომ ვნახოთ თუ გავიგებთ მათი არ ჩარიცხვის მიზეზს. ამ მიზეზების ცოდნა თქვენთვისაც მნიშვნელოვანია, რათა არავითარ შემთხევაში არ აღმოჩნდეთ მსგავს სტატისტიკაში!
7,469 არ ჩარიცხულიდან:
- 946-ს არ ქონდა არჩეული არც ერთი პროგრამა. სხვა და სხვა მიზეზი შეიძლება იყოს რატომ, მაგრამ პროგრამის არჩევა საჭირო და მნიშვნელოვანია. უცნაურია, რომ მათგან 920-ს უფიქსირდება გამოცდის შედეგები. ხოლო 20 მათგანი გამოცდაზე სავარაუდოდ არ გამოცხადდა.
- დარჩენილთაგან (ანუ ვინც ამ 7,469 არ ჩარიცხულიდან პროგრამა აირჩია) 81-ს არ უფიქსირდება გამოცდის შედეგები. ისინი სავარაუდოდ გამოცდაზე არ გამოცხადნენ.
- 5,807 აბიტურიენტმა, ვერ გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ერთ ან მეტ საგანში. გაითვალისწინეთ, რომ ერთ საგანში ზღვარის ვერ გადალახვა არ ნიშნავს ავტომატურად ვერსად ვერ ჩარიცხვას. 1,832 ჩარიცხული სტუდენტია, რომლებმაც მინიმუმ ერთ საგანში მიიღეს ზღვარზე დაბალი ქულა თუმცა მოხვდნენ სხვა პროგრამაზე სხვა არჩევითი საგნით. მაგალითად ჩაიჭრა ქიმიაში, მაგრამ სხვა პროგრამაზე ჩაირიცხა გადალახული ბიოლოგიით.
- დაგვრჩა 635 აბიტურიენტი, რომლებმაც პროგრამებიც აირჩიეს, არც ერთ საგანში არ "ჩაიჭრნენ", მაგრამ მაინც უნივერსტეტის გარეშე დარჩნენ. აქ ბევრი დასანანი შემთხვევაა, რადგან ამ სტუდენტებს არჩეულ პროგრამებზე არ ეყოთ ქულები. ყურადღება მისაქცევია, რომ მათ საშუალოდ მხოლოდ 3 პროგრამა ჰქონდათ არჩეული (ჩარიცხულებს საშუალოდ 8). სავარაუდოდ, ბევრ მათგანს, უფრო მეტი პროგრამის არჩევის შემთხვევაში შეეძლო ჩარიცხულებს შორის ყოფილიყვნენ. მაქსიმალურად გამოიყენეთ არჩევანის შესაძლებლობა და ყოველი შემთხვევისთვის ჩაწერეთ ვარიანტები!
2025 წლის პროგრამები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრმა 16 სექტემბერს გამოაქვეყნა 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის საგანმანათლებლო პროგრამები და ჩასაბარებელი საგნები. თუმცა ძალიან დიდი ალბათობით ეს პროგრამები განახლდება, რათა რეფორმაში დადასტურებულ პუნქტებთან მოვიდეს თანხვედრაში. შესაბამისად, ისევ წინა წლის პროგრამა განვიხილოთ. 2025 წლის პროგრამებში სულ 56 უნივერსიტეტი იყო ჩამოთვლილი - მათგან 19 სახელმწიფო, ხოლო 38 კერძო.
ჯამში, ყველა პროგრამაზე იყო 45,069 ადგილი ანუ აბიტურიენტების რაოდენობაზე საკმაოდ მეტი. მათგან 27,204 (60.4%) ადგილი იყო სახელმწიფო უნივერსიტეტების პროგრამებზე, ხოლო 17,865 (39.6%) კერძო პროგრამებზე.
დღევანდელი მდგომარეობით არ ვიცით როგორ შეიცვლება ამ ადგილების ჯამური რაოდენობა ან რაოდენობა მიმართულებების მიხედვით. მაგალითად სამართალზე, ჯამში სახელმწიფო პროგრამებზე იყო 1,917 ადგილი, 10 სხვა და სხვა სახელმწიფო უნივერსტეტში. არსებული ინფორმაციით უნდა დარჩეს მხოლოდ ერთში. ყველაზე დიდი არსებული სამართლის პროგრამა იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 800 ადგილით. გაიზრდება ეს ადგილები თუ უცვლელი დარჩება - ამ დროისთვის უცნობია.
რაც შეეხება ჩარიცხვებს, 31,704 ჩარიცხულიდან 21,538 (67.9%) ჩაირიცხა სახელმწიფო პროგრამებზე, ხოლო 10,166 (32.1%) კერძოზე.
გრანტები
31,704 ჩარიცხულიდან, რაიმე სახის გრანტი მიიღო სულ 7,319-მა აბიტურიენტმა (ჩარიცხულების 23.1%). აქედან, 1,784 იყო 100%იანი გრანტი (გრანტების 24,4%), 1,457 70 პროცენტიანი (19.9%) ხოლო 4,078(55.7%) 50 პროცენტიანი გრანტი.
ასევე შეგვიძლია ვნახოთ ამ 7319 გრანტიანი ჩარიცხულიდან, როგორ გადანაწილდა ჩარიცხვები სახელმწიფო და კერძო პროგრამებს შორის:
| გრანტი | კერძო | სახელმწიფო | სულ |
|---|---|---|---|
| 50% | 1529 | 2549 | 4078 |
| 70% | 591 | 866 | 1457 |
| 100% | 469 | 1315 | 1784 |
| სულ | 2589 | 4730 | 7319 |
ანუ გრანტიანი მოსწავლეების 64.6% სახელმწიფო პროგრამებზე ჩაირიცხა. ოდნავ უფრო მაღალია 100%იანი გრანტის მფლობელების წილი სახელმწიფო პროგრამებზე - 73.7%.
რეფორმის შესაძლო გავლენა აბიტურიენტებზე
ზემოთ მოყვანილი მონაცემებით, რეფორმაზე არსებული ინფორმაციით და გარკვეული დაშვებებით შეგვიძლია თეორიულად განვიხილოთ რა გავლენა ექნება რეფორმას სხვა და სხვა ჯგუფებზე. გაითვალისწინეთ, რომ აქ ბევრ რამეს ვამარტივებთ და ვეფუძნებით დაშვებებს, რადგან სრული ანალიზი ყველა ფაქტორის გათვალისწინებით ბევრად უფრო რთული და დიდი სამუშაოა.
ამ მონაცემებით, ჩარიცხული სტუიდენტები შეგვიძლია დავყოთ ოთხ ჯგუფად:
- ჯგუფი 1: 4,730 სახელმწიფო პროგრამებზე ჩარიცხული გრანტიანები (ნებისმიერი გრანტი)
- ჯგუფი 2: 16,808 - სახელმწიფო პროგრამებზე ჩარიცხული უგრანტოები
- ჯგუფი 3: 2,589 - კერძო პროგრამებზე ჩარიცხული გრანტიანები
- ჯგუფი 4: 7,577 - კერძო პროგრამებზე ჩარიცხული უგრანტოები
პირველი ჯგუფი შეადგენს ჩარიცხული სტუდენტების 14.9%-ს და იდეაში მათ შედარებით ნაკლებად ეხებათ რეფორმა. ის ფაქტი, რომ აიღეს გრანტი ნიშნავს, რომ სავარაუდოდ კარგი ქულები აიღეს და მაინც მოხვდებიან სასურველ პროგრამაზე. ფინანსურად, 100%-იანი გრანტის მფლობელებს არაფერი ეცვლებათ, ხოლო 70 და 50 პროცენტიანი გრანტის მფლობელებს იმ დარჩენილი წილის გადახდაც აღარ მოუწევთ. ამ ჯგუფისთვის ძირითადი გაურკვევლობა რჩება სხვა და სხვა პროგრამის რაოდენობების მოსალოდნელი ცვლილებები და რომელ სახელმწიფო უნივერსიტეტში იქნება მათი სასურველი პროგრამა. ამ უკანასკნელს შესაძლოა გეოგრაფიული ცვლილებებიც შეეხოს.
მეორე ჯგუფი, სახელმწიფოში ჩარიცხული უგრანტოები, ყველაზე დიდი ჯგუფია ჩარიცხულებს შორის და ჩარიცხული სტუდენტების 53%-ს შეადგენს. ამ ჯგუფისთვის ყველაზე დიდი ცვლილებაა, რომ უფასოდ ისწავლიან. პროგრამების რაოდენობა და უნივერსტეტებზე გადანაწილება მათთვისაც გაურკვევლობად რჩება. თუმცა, როგორც ითქვა ჯამური სტუდენტების რაოდენობა დაახლოებით იგივე დარჩება და თუ ეს მართლაც ასე მოხდა, მაშინ საკმაოდ ბევრი სტუდენტი, რომელიც აქამდე უფასოდ ვერ სწავლობდა ისწავლის უფასოდ. კონკურენციის ზრდა ამ პროგრამებზე ერთ-ერთი ხშირად განხილული თემაა და ქვემოთ ჩვენც შევეხებით ამ თემას. თუმცა გლობალურად, კონკურენციის სერიოზული ზრდა, დღევანდელი ინფორმაციით მოსალოდნელი არ გვგონია.
მესამე ჯგუფი, კერძო პროგრამებზე ჩარიცხული გრანტიანები, ყველაზე პატარა ჯგუფია და ჩარიცხულების 8.1%-ს შეადგენს. თუმცა ამ ჯგუფს ყველაზე მტკივნეულად ეხება დაფინანსებასთან დაკავშირებული ცვლილებები - თუკი ადრე გრანტს იღებდნენ, ცვლილებების შემდეგ ვეღარ მიიღებენ ამ გრანტს სახელმწიფოსგან. რადგან ამ ჯგუფს ყველაზე მტკივნეულად ეხება ეს ცვლილება, მოდით უფრო დეტალურად განვიხილოთ სცენარები.
დავუშვათ, რომ ამ ცვლილების გამო, ამ ჯგუფის ყველა წევრი უარს იტყვის კერძო პროგრამაზე ჩაბარებაზე და მოუწევთ სახელმწიფო პროგრამებზე ჩაბარება. ამ შემთხვევაში, პირველ რიგში ეს ჯგუფი კარგავს შესაძლებლობას ისწავლოს თავისთვის პრიორიტეტულ პროგრამაზე და უწევს სხვა არჩევანის გაკეთება. ამასთანავე, კერძო პროგრამები კარგავენ საუკეთესო აბიტურიენტებს, რაც პირდაპირ კავშირშია მათი პროგრამების ხარისხთან და პრესტიჟთან. ეს ორი კი განაპირობებს სხვა (უგრანტოების) ინტერესსაც ამ პროგრამებზე. ამ სცენარით ოდნავლ გაიზრდება სახლემწიფო პროგრამებზე საერთო კონკურენცია, რადგან ამ ჯგუფის საერთო ზომა არც ისე დიდი. თუმცა შეიძლება კონკრეტულ პროგრამებზე მათი წილი დიდი იყოს.
თუ რამდენად სავარაუდოა ეს სცენარი შეგვიძლია ფინანსური ასპექტების განხილვითაც გავაანალიზოთ. დავიწყოთ სტუდენების გადმოსახედიდან. კერძო პროგრამებზე ჩარიცხულ გრანტიან სტუდენტების აბსოლიტურ უმრავლესობას უწევდა გრანტის გარდა სხვა დაფინანსებით გადახდა (თავისი ჯიბიდან, შიდა გრანტი, ა.შ.). მხოლოდ 16 გრანტიანი სტუდენტი სწავლობდა ისეთ კერძო პროგრამაზე სადაც გრანტი მთლიანად აფინანსებს საფასურს. ხოლო დანარჩენებს, საშუალოდ 3,675 ლარის გადახდა უწევდა გრანტის ზემოდან წლიურად. ანუ საშუალოდ 71.7%-ს. აქ მნიშვნელოვანია პროგრამის ხანგძლივობის ცვლილებაც - თუკი ოთხ წლიან პროგრამაზე საშუალო გრანტიან სტუდენტს ჯამში უწევდა 3,675*4=14,700 ლარის გადახდა, სამი წლის შემთხვევაში მოუწევს 3,675*3 + 1,040*3 = 14,145 ლარის გადახდა. 1,040 ლარი არის საშუალოდ დაკარგული გრანტი კერძო პროგრამებზე აღებული გრანტების შეწონილი საშუალოს მიხედვით. ანუ ჯამურად ბიუჯეტი საშუალო სტუდენტს არ უძვირდება, მაგრამ ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. მაგალითად ის რომ ერთი წლის ჭრილში მეტი თანხის გადახდა მოუწევთ, რაც ბევრისთვის შეიძლება მძიმე დამატებითი ხარჯი იყოს. საბოლოოდ, ყველა ინდივიდუალური სიტუაცია განსხვავდება და თუ გასაშვალოებული ანალიზი არც თუ ისე ცუდად ჩანს, კონკრეტულ შემთხვევებში სურათი შეიძლება ბევრად უფრო რთული და შემზღუდავი იყოს.
ახლა ამ სიტუაციას შევხედოთ კერძო პროგრამების გადმოსახედიდან. ერთი წლის ჭრილში, ჯამურად, კერძო პროგრამები შემოსავლის სახით აიღებდნენ 45.5 მილიონ ლარს 10,166 ჩარიცხული სტუდენტისგან (შიდა შეღავათებს და გრანტებს არ ვითვალისწინებთ). ამ 45.5 მილიონიდან, 3.7 მილიონი ლარი იქნებოდა სახელმწიფოს დაფინანსებული გრანტების სახით, ანუ მთლიანი თანხის 8.2%. კერძო პროგრამებისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პროგრამების 3 წელზე შემცირება, ფაქტიურად ერთი სტუდენტიდან მიღებული შემოსავალი 25%-ით მცირდება და ხარჯის იგივე პროპორციით შემცირება ხშირად შეუძლებელია ხოლმე. თუმცა, ვინაიდან სტუდენტები უფრო მალე დაამთავრებენ, კონკურენტულ პროგრამებს თეორიულად შეეძლებათ პროგრამაში ადგილების რაოდენობის გაზრდა და თუ შეძლებენ დამატებით სტუდენტების მოზიდვას, შემოსავლის ამით დაბალანასებას.
დავასრულოთ მესამე ჯგუფზე საუბარი შეჯამების სახით. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, კერძო პროგრამებმა, რაიმე ფორმით შეძლონ ტოპ აბიტურიენტების შენარჩუნება. ამისთვის შიდა გრანტების შეთავაზება სხვა და სხვა ვარიაციით შესაძლოა ოპტიმალური ვარიანტი იყოს - ერთის მხრივ აბიტურიენტი აღარ იქნება იძულებული უარი თქვას სასურველ პროგრამაზე გრანტის არ არსებობის გამო, მეორეს მხრივ კი კერძო პროგრამა გააგძელებს წარმატებული სტუდენტების მოზიდვას. თუ აბიტურიენტი ხარ, აუცილებლად დაუკავშირდი შენთვის სასურველ პროგრამას და გააგებინე, რომ მსგავსი შიდა გრანტი ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის. იქნება ეს ონლაინ მიწერა, მისვლა თუ გაცნობით შეხვედრებზე დასმული კითხვები. რაც უფრო მეტჯერ გაიჟღერებს ეს - მით მეტი შანსია კერძო უნივერსიტეტბმა მოგისმინონ და მართლაც შემოგთავაზონ შიდა გრანტები. სამართლიანობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ რიგ პროგრამებს აქამდეც ჰქონდათ შიდა გრანტები, და რეფორმასთნ ერთად კიდევ გააჟღერეს, რომ მსგავსი შეთავაზებები იქნება.
დაგვრჩა მეოთხე ჯგუფი, კერძო პროგრამებზე ჩარიცხული უგრანტოები. მათთვის ყველაზე ნაკლები ცვლილებებია და პირდაპირ ფაქტობრივად არ ეხებათ რეფორმა. (სამი წელი ყველას ერთნაერად ეხება). ერთი ვარიანტია, რომ იმის გამო რომ გაიზარდა ჯამური შანსი უფასოდ სწავლის - შესაძლოა ამ ჯგუფის ნაწილმა არჩიოს კერძოს ნაცვლად სახელმწიფო პროგრამებზე სწავლა. თუ რამდენად შეძლებენ ამას მათი კონკურენტუნარიანობა განსაზღვრავს.
შეჯამება
კიდევ ბევრი სცენარის გავლა შეიძლება, თუმცა ამ ანალიზის საფუძველზე ჩვენი ძირითადი აზრებია:
- დღეის მდგომარეობით არ არის საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ თქვენ, ინდივიდუალურ დონეზე რაიმე შეცვალოთ გეგმაში. გააგრძელეთ მომზადება, იფიქრეთ სასურველ პროგრამებზე და შესაძლო ალტერნატივებზე.
- პროგრამების არჩევანის მნიშვნელობა სავარაუდოდ გაიზრდება. პროცესი ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ როდესაც დაიდება ინფორმაცია, სიღრმისეულად გაიარეთ რას და როგორ ავსებთ.
- ჯამში კონკურენციის ზრდას არ ველოდებით, თუმცა შესაძლებელია კონკრეტულ მიმართულებებზე კონკურენციის ზრდა ან კლება, იმის მიხედვით სად რა რაოდენობის ადგილი გამოცხადდება.
- ფინანსურად, საკმაოდ დიდი ჯგუფისთვის დადებითი ცვლილებებია, თუმცა კონკრეტული მცირე ჯგუფებისთვის საკმაოდ უარყოფითი. იმედი გვაქვს, ეს კერძო გრანტებით დაბალანსდება.
ჩვენ გავაგრძელებთ საკითხის მონიტორინგს და თუ საჭიროდ ჩავთვლით კიდევ დავწერთ ამ საკითხებზე. გაგვიზიარებთ რას ფიქრობთ, რა კითხვები გაქვთ და ჩვენ აქ ვართ რათა მაქსიმალურად გაგიმარტივოთ აბიტურიენტობა. მანამდე კი არ გადადო მომზადება, დარეგისტრირდი FoxPrep-ზე და მოემზადე ოპტიმალურად!
ნებისმიერი კითხვის, იდეის, ან პრობლემის შემთხვევაში მოგვწერეთ: [email protected]