უნივერსიტეტების და პროგრამების რეიტინგი | FoxPrep
გამარჯობა, აბიტურიენტებო!
როგორც იცით, გაიხსნა აბიტურიენტთა რეგისტრაცია, რომელიც 11 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. იმისთვის, რომ ცოტა მაინც გაგიადვილოთ უნივერსიტეტების არჩევის პროცესი, თქვენთვის დამატებით ხელსაწყოებს ვქმნით.
ამ პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია იცოდეთ სად გინდათ მოხვედრა. ამას კი მრავალი ფაქტორი განსაზღვრავს, ფინანსურით დაწყებული, პროგრამის ხარისხით, ინტერესებით, ლოკაციით და სხვა მრავალით დამთავრებული.
ამ ისედაც რთულ პროცესში, თითქმის ყველა ქვეყანაში, აბიტურიენტებს არჩევანის გაკეთებაში ეხმარება უნივერსიტეტების რეიტინგები. ლოგიკურია, რომ გინდათ მოხვდეთ უფრო პრესტიჟულ პროგრამაზე. თუმცა რა და როგორ განსაზღვრავს პროგრამის პრესტიჟულობას, ცალკე, რთული საკითხია.
დღევანდელი მდგომარეობა
ვცადეთ მოგვეძიებინა არსებული რესურსები ამ მიმართულებით. რაც ვიპოვეთ - საკმაოდ მწირია. ძირითადად ეს იყო რამდენიმე სტატიკური სტატია, სადაც ასახული იყო ზოგადი სურათი სად ჩაირიცხნენ წარმატებული მოსწავლეები ან საერთაშორისო რეიტინგებში მოხვედრილი პროგრამები. თუმცა, ამ უკანასკნელში, სხვა და სხვა მიზეზებით, დაახლოებით 900 პროგრამიდან, მხოლოდ ერთეულებზეა ინფორმაცია.
ანუ არსებული რესურსები ამ მიმართულებით ფაქტობრივად არ არსებობს.
საერთაშორისო პრაქტიკა
უნივერსიტეტების რეიტინგების შედგენა საკმაოდ კომპლექსური და რთული პროცესია. რაც მნიშვნელოვანია - ეს პროცესი სუბიექტურია. საერთაშორისო პრაქტიკით, ხშირად მსგავსი რეიტინგები ყოველწლიურია, და რეიტინგების ავტორები დროთა განმავლობაში აღწევენ სანდოობას. ეს რეიტინგები ითვალისწინებს მრავალ ფაქტორს, ჩარიცხული სტუდენტების ხარისხს, სწავლის ხარისხს, დასაქმების სტატისტიკას, კურსდამთავრებულების მიღწევებს, კითხვარების მონაცემებს, კვლევითი საქმიანობის შეფასებას, და ასე შემდეგ.
FoxPrep-ის 2025 წლის რეიტინგი
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ არსებული რესურსით, შეგვექმნა რეიტინგი, რომელიც თუნდაც ნაწილობრივ სურათს ასახავს.
რამდენიმე ძირითადი პრობლემა გვქონდა გადასაჭრელი - ძირითადად შიდა რესურსების სიმცირე და ხელმისაწვდომი სანდო ინფორმაციის ნაკლებობა.
ამის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ პირველი რეიტინგი მთლიანად დაფუძნებული ყოფილიყო 2025 წლის ჩარიცხვების შედეგებზე.
რატომ არის ეს მიდგომა კარგი:
- სტუდენტების ხარისხი პირდაპირ აისახება პროგრამის ხარისხზე, იქ სადაც ბევრი ჭკვიანი და მონდომებული მოსწავლეა თითქმის ყოველთვის უკეთესი სწავლა მიდის ვიდრე იქ, სადაც ეს ასე არაა.
- ტოპ სტუდენტების არჩევანი არაპირდაპირ ასევე განსაზღვრავს პროგრამის ხარისხს. თუ ბევრი წარმატებული აბიტურიენტი მიდის კონკრეტულ პროგრამაზე, ეს გულისხმობს, რომ ამის გარკვეული მიზეზები არსებობს: მათ იციან სხვადასხვა ფაქტორები, რაც ამ პროგრამას მათთვის მიმზიდველს ხდის.
თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ ამ მეთოდოლოგიის შეზღუდვები:
- პირდაპირ, არ განსაზღვრავს სწავლის და პროგრამის ხარისხს.
- პირდაპირ, არ განსაზღვრავს შემდგომ პერსპექტივებს დასაქმების და სხვა სწავლის შემდგომი შედეგების შესახებ.
- სწავლის ფასი არის ფაქტორი, რომელმაც ჩარიცხვები, როგორც პროგრამის ხარისხის ინდიკატორი შეიძლება "დაანაგვიანოს". ანუ ძალიან კარგი პროგრამა თუ ძვირია, იქ შეიძლება ძალიან ბევრმა ტოპ აბიტურიენტმა უბრალოდ ვერ/არ ჩააბაროს და პირიქით, ჩააბაროს ნაკლებად ხარისხიან პროგრამაზე იმის გამო, რომ იაფი/უფასოა.
მიუხედავად ამისა, ვფიქრობთ ეს მეთოდოლოგია სულ არაფერს ჯობია და აბიტურიენტებმა უნდა გამოიყენონ არჩევანის გაკეთებისას.
რეიტინგის შედგენის პროცესი
პროგრამების კლასიფიკაცია
პირველი თავსატეხი, რომელსაც ამ პროცესში გადავაწყდით იყო სტანდარტიზაციის არ არსებობა. დაახლოებით 900 საბაკალავრო პროგრამაა და პროგრამების სახელები, კვალიფიკაციის სახელები და სხვა ინფორმაცია თითოეულ შემთხვევაში თითქმის ყველგან სხვადასხვანაირად არის დაწერილი.
900 პროგრამის სათითაოდ ძებნა ერთი, რომ რთულია, ხოლო მეორე - რეიტინგისთვის რაიმე სახის დაჯგუფებაა საჭირო. შესაბამისად ჩვენ შევიმუშავეთ ორდონიანი ტაქსონომია.
პირველ დონეზე ჩვენ ასე დავყავით პროგრამები:
| # | მიმართულება | პროგრამები | ჩარიცხულები |
|---|---|---|---|
| 1 | IT და კომპიუტერული მეცნიერება | 53 | 2,339 |
| 2 | არქიტექტურა და დიზაინი | 32 | 934 |
| 3 | ბიზნესი და ეკონომიკა | 134 | 7,668 |
| 4 | განათლება | 20 | 860 |
| 5 | ინჟინერია | 70 | 2,439 |
| 6 | მედია და კომუნიკაცია | 20 | 777 |
| 7 | მედიცინა და ჯანდაცვა | 59 | 1,590 |
| 8 | საბუნებისმეტყველო მეცნიერებები | 43 | 1,078 |
| 9 | სამართალი | 32 | 3,517 |
| 10 | სოფლის მეურნეობა | 17 | 628 |
| 11 | სოციალური მეცნიერებები | 80 | 4,171 |
| 12 | ხელოვნება | 45 | 508 |
| 13 | ჰუმანიტარული მეცნიერებები | 84 | 3,437 |
| სულ | 689 | 29,946 |
ხოლო მეორე დონე დამატებით ჩაღრმავების საშუალებას იძლევა. სრული ტაქსონომია ასე გამოიყურება:
| მიმართულება | სპეციალიზაცია | პროგრამები | ჩარიცხულები |
|---|---|---|---|
| IT და კომპიუტერული მეცნიერება | ინფორმატიკა და IT | 18 | 811 |
| კიბერუსაფრთხოება და ინფორმაციის დაცვა | 2 | 28 | |
| კომპიუტერული ინჟინერია | 9 | 239 | |
| კომპიუტერული მეცნიერება | 20 | 919 | |
| მონაცემთა მეცნიერება და AI | 4 | 342 | |
| არქიტექტურა და დიზაინი | არქიტექტურა | 15 | 592 |
| გრაფიკული და საკომუნიკაციო დიზაინი | 6 | 96 | |
| ინტერიერის დიზაინი | 3 | 51 | |
| მოდის დიზაინი | 5 | 94 | |
| პროდუქტის და საგნობრივი დიზაინი | 3 | 101 | |
| ბიზნესი და ეკონომიკა | ბიზნესის ადმინისტრირება | 57 | 2,701 |
| ეკონომიკა | 16 | 1,023 | |
| ლოგისტიკა | 2 | 31 | |
| მარკეტინგი | 4 | 545 | |
| მენეჯმენტი | 16 | 1,566 | |
| ტურიზმი და მასპინძლობა | 25 | 1,322 | |
| ფინანსები და ბუღალტერია | 14 | 480 | |
| განათლება | მასწავლებლის მომზადება | 13 | 681 |
| სკოლამდელი განათლება | 5 | 62 | |
| სპორტი და ფიზიკური აღზრდა | 2 | 117 | |
| ინჟინერია | ბიოსამედიცინო ინჟინერია | 3 | 65 |
| გარემოსდაცვითი ინჟინერია | 4 | 61 | |
| ელექტრო, ელექტრონული და ენერგეტიკა | 10 | 400 | |
| მექანიკა და სამრეწველო ინჟინერია | 4 | 46 | |
| საზღვაო ინჟინერია | 7 | 571 | |
| სამთო, გეო და რესურსების ინჟინერია | 3 | 95 | |
| სამშენებლო და სამოქალაქო ინჟინერია | 11 | 493 | |
| სასურსათო ტექნოლოგია | 7 | 296 | |
| სატრანსპორტო და საავიაციო | 11 | 222 | |
| სხვა ინჟინერია | 4 | 140 | |
| ქიმიური და მასალათა ინჟინერია | 6 | 50 | |
| მედია და კომუნიკაცია | კომუნიკაცია და PR | 8 | 402 |
| ჟურნალისტიკა | 12 | 375 | |
| მედიცინა და ჯანდაცვა | მედიცინა | 29 | 839 |
| რეაბილიტაცია და თერაპია | 7 | 139 | |
| საექთნო და სამეანო | 2 | 4 | |
| საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი | 6 | 138 | |
| სტომატოლოგია | 11 | 407 | |
| ფარმაცია | 4 | 63 | |
| საბუნებისმეტყველო მეცნიერებები | ბიოლოგია და ბიომეცნიერებები | 9 | 269 |
| დედამიწის მეცნიერებები და გეოგრაფია | 8 | 222 | |
| ეკოლოგია და გარემოს მეცნიერება | 7 | 217 | |
| მათემატიკა | 6 | 159 | |
| ფიზიკა | 5 | 83 | |
| ქიმია | 8 | 128 | |
| სამართალი | სამართალი | 32 | 3,517 |
| სოფლის მეურნეობა | აგრონომია | 7 | 242 |
| ვეტერინარია | 5 | 117 | |
| მევენახეობა-მეღვინეობა | 2 | 165 | |
| სატყეო, მეცხოველეობა და აგროტექნოლოგიები | 3 | 104 | |
| სოციალური მეცნიერებები | ევროპისმცოდნეობა | 4 | 101 |
| თავდაცვა და უსაფრთხოება | 1 | 50 | |
| პოლიტიკა და საჯარო მმართველობა | 20 | 647 | |
| საერთაშორისო ურთიერთობები | 23 | 1,279 | |
| სოციოლოგია და სოციალური მუშაობა | 7 | 369 | |
| ფსიქოლოგია | 25 | 1,725 | |
| ხელოვნება | კინო და თეატრი | 9 | 106 |
| მედიახელოვნება | 2 | 85 | |
| მუსიკა | 20 | 104 | |
| სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება | 13 | 196 | |
| ქორეოგრაფია | 1 | 17 | |
| ჰუმანიტარული მეცნიერებები | არქეოლოგია | 7 | 172 |
| თავისუფალი მეცნიერებები | 2 | 47 | |
| ინგლისური ფილოლოგია | 14 | 633 | |
| ისტორია | 12 | 343 | |
| კულტურის კვლევები და ხელოვნებათმცოდნეობა | 9 | 143 | |
| რეგიონული კვლევები | 9 | 69 | |
| უცხო ენები და ფილოლოგია | 11 | 54 | |
| ფილოსოფია | 4 | 92 | |
| ქართული ფილოლოგია | 16 | 1,884 |
ამ კლასიფიკაციასთან დაკავშირებით, მზად ვართ მოვისმინოთ შენიშვნები და შემოთავაზებები. კარგი იქნებოდა თუ რაიმე სტანდარტული მიდგომა იარსებებდა, რომელსაც აბიტურიენტები, სასწავლო დაწესებულებები, მასწავლებლები და სხვა დაინტერესებული მხარეები სტანდარტულად გამოიყენებენ.
რეიტინგების მეთოდოლოგია
რეიტინგი გადავწყვიტეთ მაქსიმალურად მარტივად შეგვედგინა.
პროგრამის სარეიტინგო ქულის დასათვლელად, ვიყენებთ ორ მაჩვენებელს:
- ჩარიცხული აბიტურიენტების მედიანურ საკონკურსო ქულას
- ამ წლის აბიტურიენტების ტოპ 20%-ის საკონკურსო ქულების მიხედვით რაოდენობას ამ პროგრამაზე.
ორივე მაჩვენებელი განსაზღვრავს ჩარიცხული სტუდენტების ხარისხს. მეორე ფაქტორი ზრდის რეიტინგის ხარისხს, რადგან არსებობს შედარებით დიდი პროგრამები, სადაც მედიანა შეიძლება დაიწიოს ბევრი მიღებული სტუდენტის გამო. თუმცა თუ ამ პროგრამაზე ბევრი ტოპ სტუდენტია, ვფიქრობთ ეს მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.
რეიტინგის ხელსაწყო
მთელი ეს დამუშავებული ინფორმაცია, გადავაქციეთ მოსახერხებელ ხელსაწყოდ. შეგიძლიათ გაფილტროთ პროგრამები ზემოთ აღწერილი ტაქსონომიის მიხედვით.
თითოეული გაფილტრვის შემდეგ, რეიტინგი გადაითვლება მხოლოდ დარჩენილ ვარიანტებს შორის.
სარეიტინგო ქულა თავისთავად არ არის ინტერპრეტირებისთვის შექმნილი მისი აბსოლუტური მნიშვნელობით. ის ყოველთვის 100-დან 0-მდე მერყეობს და აჩვენებს არსებულ სიაში, ერთმანეთთან ფარდობით დაშორებას.
მოემზადე ეროვნულებისთვის FoxPrep-ზე
მადლობა და წარმატებები!