ისტორიის საპროგნოზო საკითხები უჩა მასწავლებლის მიხედვით | FoxPrep
გამარჯობა აბიტურიენტებო,
📋 გეჩქარება? ბლოგის ბოლოს იხილავ 2026 წლის ეროვნული გამოცდის სავარაუდო თემების სრულ სიას — დაყოფილს მაღალი 🟢, საშუალო 🟡 და დაბალი 🔴 ალბათობის მიხედვით.
საპროგნოზო თემების სიაზე გადასვლა ↓
როგორც არაერთხელ გვითქვამს, წინასწარ ვერავინ გეტყვით რა მოვა გამოცდაზე. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გასული წლების ტენდენციებზე დაკვირვების საფუძველზე, არ შეიძლება პროგნოზის გაკეთება. პირიქით, ჩვენ მსგავს მეთოდებს დიდი ხანია ვიყენებთ, და საკითხების სიხშირე, სირთულე და პრიორიტეტები ასახულია ჩვენს მისიებსა თუ იმიტირებულ გამოცდებში.
ფოქსპრეპი თანამშრომლობს რამდენიმე მასწავლებელთან და ექსპერტთან, რათა ჩვენი პლატფორმა მაქსიმალურად ხარისხიანი იყოს.
სწორედ ასეთი, ერთ-ერთი გამორჩეული ექსპერტია უჩა გელხვიიძე. მან ნდობა ჯერ კიდევ მაშინ გამოგვიცხადა, როცა პლატფორმა ძალიან ადრეულ ფაზაში იყო და იმის შემდეგ არაერთი რჩევა მოგვცა. იხილეთ მისი Facebook გვერდი.
ამჯერად გიზიარებთ უჩა მასწავლებლის 2026 წლის საპროგნოზო ანალიზს, უცვლელად.
ასევე, შევადგინეთ ამ პროგნოზის მიხედვით იმიტირებული გამოცდა, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ამ იმიტირებულის დასაწერად აუცილებელია კვლევაში მონაწილეობა. იმიტირებული გამოცდა უკვე ხელმისაწვდომია.
იმიტირებულ გამოცდაზე გადასვლა →
წინამდებარე ანალიზის მიზანია 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდის ისტორიის საგანში შესაძლო თემატური აქცენტების განსაზღვრა ბოლო წლების საგამოცდო ტენდენციების, მოქმედი საგამოცდო პროგრამისა და თემათა ციკლური როტაციის/ცვლილების გათვალისწინებით. მოცემული პროგნოზი არ წარმოადგენს ზუსტ წინასწარმეტყველებას, თუმცა მიზნად ისახავს გამოცდის შინაარსობრივი ლოგიკის მაქსიმალურად რეალისტურ და ანალიტიკურ შეფასებას, რათა გამოიკვეთოს ის საკითხები, რომლებიც, ყველაზე მაღალი ალბათობით დაიკავებენ წამყვან ადგილებს მაღალქულიან დავალებებში (ტესტები, წყაროს ანალიზი, რუკა, ილუსტრაცია, ისტორიული მოვლენის შეფასება).
ბოლო წლების ეროვნული გამოცდების ფორმატის ანალიზი აჩვენებს, რომ ისტორიის ტესტები სისტემატურად ორიენტირებულია არა ცალკეული ფაქტების ცოდნაზე, არამედ ისტორიული პროცესების გააზრებაზე, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვაზე, წყაროს ინტერპრეტაციასა და სხვადასხვა ეპოქის შედარებით ანალიზზე. ასევე თვალსაჩინოა, რომ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ისეთ საკითხებს, რომლებიც მსოფლიო და საქართველოს ისტორიის ურთიერთკავშირს და ისტორიულ პიროვნებებს წარმოაჩენს.
2026 წლის გამოცდისთვის ყველაზე მაღალი ალბათობით მოსალოდნელ თემებად შეიძლება განისაზღვროს XX საუკუნის მსოფლიო და საქართველოს ისტორიის საკითხები. განსაკუთრებით მაღალი ალბათობით უნდა განიხილებოდეს პირველი მსოფლიო ომი, მისი შედეგები, პარიზის საზავო კონფერენცია, საერთაშორისო პოლიტიკური წესრიგის ცვლილება და ერთა ლიგის შექმნა. აღნიშნული სრულად პასუხობს ეროვნული გამოცდების სტრუქტურულ ლოგიკას, რადგან მოიცავს როგორც ქრონოლოგიურ განვითარებას, ისე მიზეზ-შედეგობრივ კავშირებსა და საერთაშორისო ურთიერთობების კომპონენტებს, ამასთან გასულ წელს მას ნაკლები ყურადღება დაეთმო. მეორე მსოფლიო ომის საკითხები ასევე უნდა განიხილებოდეს მაღალი ალბათობის ბლოკში. განსაკუთრებული ყურადღება შეიძლება დაეთმოს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს, საბჭოთა და გერმანულ სამხედრო მოქმედებებს, მოკავშირეთა კონფერენციებს, ევროპის პოლიტიკური რუკის ცვლილებასა და ომის შედეგებს. ამ თემის მნიშვნელობას ზრდის ისიც, რომ იგი ერთ-ერთ ცენტრალურ საკითხად რჩება მოქმედ პროგრამაში.
მაღალი ალბათობით განსახილველ თემად რჩება „ცივი ომის“ ეპოქა. მოსალოდნელია როგორც ზოგადი საერთაშორისო დაპირისპირების ანალიზი, ისე კონკრეტული მოვლენები — კარიბის კრიზისი, NATO-სა და ვარშავის პაქტის ფორმირება, კორეისა და ვიეტნამის ომები, საბჭოთა გავლენის გაფართოება და ბიპოლარული სისტემის ფორმირება. ბოლო წლების ეროვნული გამოცდების მიდგომა აჩვენებს, რომ მსგავსი კომპლექსური თემები განსაკუთრებით შეესაბამება ისტორიული წყაროების ანალიზზე აგებულ დავალებებს.
ლოგიკური როტაციის პრინციპით, წელს მინიმალურ დონეზე (მხოლოდ 1 ქულიან ტესტებში) უნდა ველოდოთ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ.) თემატიკას, ვინაიდან წინა წლების ვარიანტები უხვად იყო დატვირთული ამ ეპოქის დოკუმენტებით. ასევე, დაბალია ალბათობა ადრეული შუა საუკუნეების და საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის ვრცელი სახით მოსვლისა, რადგან აღნიშნულმა მასალამ საკუთარი რესურსი 2024-2025 წლების საგამოცდო ბადეში მეტ-ნაკლებად უკვე ამოწურა. შედარებით დაბალი ალბათობით მოსალოდნელ თემებად უნდა შეფასდეს ძველი აღმოსავლეთის ცალკეული სახელმწიფოები, ასევე ნორმანთა ლაშქრობები, ადრეული შუა საუკუნეების დასავლეთ-ევროპული პოლიტიკური ერთეულები და ისეთი შედარებით ვიწრო თემები, რომლებიც ნაკლებად იძლევა კომპლექსური ისტორიული მსჯელობის შესაძლებლობას.
XIX საუკუნის საქართველოს ისტორიიდან განსაკუთრებული ყურადღება შესაძლოა დაეთმოს ილია ჭავჭავაძისა და თერგდალეულთა მოღვაწეობას, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში საქართველოს მდგომარეობას და ეროვნულ-განმანათლებელ მოძრაობებს. ასევე, მაღალია ალბათობა XIX საუკუნის ევროპული ნაციონალიზმის გამოვლინების საკითხებზე - გერმანიისა და იტალიის გაერთიანების პროცესები (ბისმარკისა და გარიბალდის როლი).
საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის შუა საუკუნეების ისტორიიდან ყველაზე მეტად გამოსაყოფია დავით IV აღმაშენებლის პერიოდი, საქართველოს გაძლიერების პროცესი, სელჩუკებთან ბრძოლა და XII-XIII საუკუნეების პოლიტიკური და კულტურული აღმავლობა. ასევე საკმაოდ მაღალი ალბათობით მოსალოდნელია მონღოლთა ეპოქა, რადგან ეს საკითხი აერთიანებს მსოფლიო და საქართველოს ისტორიულ პროცესებს და იძლევა კომპლექსური ანალიზის შესაძლებლობას. მსოფლიო ისტორიიდან კი აშშ-ს, აბსოლუტიზმის ხანის და რელიგიური ომების (რეფორმაცია) თემატიკა ევროპაში.
საშუალო ალბათობის თემებად შეიძლება შეფასდეს საფრანგეთის რევოლუცია, ნაპოლეონის ეპოქა, ვენის კონგრესი, დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები, რეფორმაცია და კონტრრეფორმაცია. აღნიშნული საკითხები საგამოცდო სივრცისთვის ტრადიციულად მნიშვნელოვანია, თუმცა არსებული ტენდენციების გათვალისწინებით ისინი შედარებით ნაკლებად პრიორიტეტულად გამოიყურება, იმის გათვალისწინებითაც რომ გასულ წელს ამ საკითხებს დიდი როლი დაეთმო ანალოგიის მოყვანისა და ტესტურ დავალებებში. ასევე საშუალო ალბათობის ჯგუფში შეიძლება განვათავსოთ საბჭოთა რეპრესიები, კოლექტივიზაცია, 1956 წლის 9 მარტი, 1978 წლის 14 აპრილი, 1989 წლის 9 აპრილი, საბჭოთა ბლოკის დაშლა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესი. აღნიშნული საკითხები მოსალოდნელია წყაროს დავალების ნაწილში.
შეჯამების სახით, 2026 წლის ეროვნული გამოცდისთვის სავარაუდო საპროგნოზოდ შემდეგ თემატურ ღერძებს გამოვყოფ: პირველი მსოფლიო ომი, საქართველოს პირველი რესპუბლიკა, საბჭოთა ეპოქა, მეორე მსოფლიო ომი, ცივი ომი, დავით აღმაშენებლის პერიოდი, მონღოლთა ეპოქა, XIX საუკუნის ეროვნული მოძრაობა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესი და XX საუკუნის მეორე ნახევრის მსოფლიო პოლიტიკური ტრანსფორმაციები.
კვლავაც განსაკუთრებული როლი უნდა დავუთმოთ, ყველა ზემოთ აღნიშნული თემატიკის შესახებ ისტორიულ პერსონებს, პიროვნებებს და ნაკლები მნიშვნელობა კონკრეტულ თარიღებს.
მეთოდოლოგია
წინამდებარე პროგნოზი ეყრდნობა 2019–2025 წლების ეროვნული გამოცდების ისტორიის ტესტების თემატურ ანალიზს, 2026 წლის ოფიციალური საგამოცდო პროგრამის სტრუქტურულ შეფასებას, თემების განმეორებისა და როტაციის პრინციპების გამოვლენას, ეროვნული გამოცდების ფორმატის განვითარების ტენდენციებს, ისტორიული პროცესების კომპლექსურობის ხარისხს და თემების შესაბამისობას წყაროს ანალიზზე ორიენტირებულ საგამოცდო მოდელთან.
აღნიშნული ვარაუდები არ ატარებს შემთხვევით ხასიათს და ეყრდნობა სამეცნიერო-ანალიტიკურ მეთოდოლოგიას, რომელიც მოიცავს სამ ძირითად კომპონენტს:
- შინაარსობრივი როტაციის პრინციპი (ციკლურობა): შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ერიდება ზედიზედ ორ ან სამ წელზე მეტჯერ ერთი და იმავე ისტორიული მოვლენის გამოყენებას მაღალქულიან დავალებებში. შესაბამისად, 2024-2025 წლების მასალის გაფილტვრით ავტომატურად გამოიკვეთა „ვაკანტური“ ეპოქები.
- სტრუქტურული შესაბამისობა: 2019 წლიდან საგამოცდო ფორმატში დამკვიდრებული მოდელი მოითხოვს ეპოქალურ ბალანსს (ანტიკური ხანა/შუა საუკუნეები, ახალი ისტორია, უახლესი ისტორია) როგორც საქართველოს, ისე მსოფლიო ისტორიის მიმართულებით. ანალიზმა აჩვენა, თუ რომელ საკითხებში არსებობდა თემატური დეფიციტი ბოლო ორი წლის განმავლობაში.
- პროგრამული დაზუსტება: 2026 წლის ოფიციალური საგამოცდო პროგრამის თითოეული პუნქტის შეჯერება ბოლო 7 წლის რეალურ საგამოცდო პრაქტიკასთან, რაც იძლევა შესაძლებლობას განისაზღვროს თემის აქტუალურობის ხარისხი.
ეს შეფასება წარმოადგენს ანალიტიკურ პროგნოზს და არა გამოცდის ზუსტი შინაარსის განსაზღვრას, თუმცა არსებული მონაცემების პირობებში მაქსიმალურად ახლოს დგას რეალისტურ საგამოცდო მოლოდინებთან.
2026 წლის ეროვნული გამოცდის სავარაუდო თემები ისტორიაში
🟢 მაღალი ალბათობა
- პირველი მსოფლიო ომი და მისი შედეგები (ვერსალის სისტემა, ერთა ლიგა)
- მეორე მსოფლიო ომი (მთავარი მოვლენები და შედეგები)
- ცივი ომი (NATO, ვარშავის პაქტი, კარიბის კრიზისი, ბერლინის კედელი)
- საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921)
- საბჭოთა სისტემა (კოლექტივიზაცია, რეპრესიები)
- სსრკ-ის დაშლა და თანამედროვე საქართველო (1991, 2008)
- დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე (რეფორმები, საგარეო ბრძოლები)
- გიორგი ბრწყინვალე და ერეკლე II (ქვეყნის გაერთიანება და გეორგიევსკის ტრაქტატი).
- XIX საუკუნის საქართველო (ილია ჭავჭავაძე, თერგდალეულები)
- დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდი (1989 წლის 9 აპრილი - 1991 წელი).
🟡 საშუალო ალბათობა
- საფრანგეთის რევოლუცია
- ნაპოლეონის ეპოქა
- რეფორმაცია და კონტრრეფორმაცია
- დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები
- საქართველო შუა საუკუნეებში (დავითის შემდგომი პერიოდი)
- საბჭოთა საქართველოს მოვლენები (1956, 1978, 1989)
🔴 შედარებით დაბალი ალბათობა
- ძველი აღმოსავლეთის ცივილიზაციები (ეგვიპტე, ასურეთი, შუამდინარეთი)
- კოლხა და დიაოხი
- ნორმანები და ადრეული შუა საუკუნეები დასავლეთ ევროპაში
- ვიწრო დინასტიური თემები (მეროვინგები, ოტო I და სხვ.)
- ვახტანგ გორგასლის ეპოქა.
- საფრანგეთის დიდი რევოლუცია და ნაპოლეონის ომები.
- საქართველოს პირველი რესპუბლიკა (1918-1921 წწ.)
ამ პროგნოზის საფუძველზე FoxPrep-მა მოამზადა სპეციალური საპროგნოზო მოკ-გამოცდა, რომელიც სწორედ ამ თემატურ აქცენტებზეა აწყობილი. გაითვალისწინე, რომ მის დასაწერად საჭიროა კვლევაში მონაწილეობა.