სად მოვხვდები? — ახალი ხელსაწყო | FoxPrep
გამარჯობა, აბიტურიენტებო,
მოვიდა დრო ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირების, უნივერსიტეტების არჩევის და პროგრამების დალაგების. ეს ყველაფერი ისედაც სტრესულ გამოცდებისთვის მზადების პროცესს კიდევ უფრო ართულებს.
ამიტომ შევქმენით დამხმარე ხელსაწყო, რომელიც გასართობ-შემეცნებითი ხასიათისაა და ვფიქრობთ, ამ პროცესს ოდნავ მაინც გაგიადვილებს.
ამ ხელსაწყოს ძირითადი მიზანია უპასუხოს აბიტურიენტების მიერ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვას: "ამ ქულებით, აქ მოვხვდები?".
სინამდვილეში მაგ კითხვაზე პასუხი ერთი მხრივ წინასწარ შეუძლებელია, ხოლო მეორე მხრივ, გააკეთო სწორი ანალიზი სად რა შანსები გაქვს, უმნიშვნელოვანესია პროგრამების სწორად დასალაგებლად.
ამ პოსტში მოკლედ მოგიყვები ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხვის ძირითად პრინციპებზე, ჩვენი ხელსაწყოს მეთოდოლოგიებზე, ფუნქციონალზე და როგორ გამოიყენო ეს ფუნქციონალი.
გახსენი „სად მოვხვდები?“ ხელსაწყო
რატომ ვერავინ ვერ გეტყვი წინასწარ რა ქულით სად მოხვდები
ეროვნულები - ფარდობითი კონკურსი
პირველი პრინციპი, რომლის გააზრებაც უმნიშვნელოვანესია არის ის, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები არის ფარდობითი კონკურსი. ცალკე აღებული, რა აბსოლუტურ ქულას მიიღებ სხვა და სხვა საგანში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. აზრი აქვს შენს ქულას სხვების ქულებთან მიმართებაში. თანაც არა ყველასთან მიმართებაში, არამედ მხოლოდ შენთვის სასურველ პროგრამაზე სხვა ლეგიტიმურ კანდიდატებს. ლეგიტიმურ კანდიდატებში იგულისხმება ყველა, ვინც ეს პროგრამა აირჩია, გადალახა მინიმალური ზღვარი და სხვა პროგრამაზე ჯერ არ ჩარიცხულა.
ასე რომ, თითოეულ პროგრამაზე შენ ეჯიბრები რამდენიმე ათეულიდან, ყველაზე ხშირად რამდენიმე ასეულ აბიტურიენტს. იშვიათად რამდენიმე ათასსაც კი (დიდ, კონკურენტულ პროგრამებზე).
წინა წლებში გრანტისთვის ასევე ყველა სხვა აბიტურიენტთანაც იყო კონკურსი, მაგრამ წლევანდელი ცვლილებების შემდეგ ეს ნაწილი რელევანტური აღარაა.
არჩეული პროგრამების რიგითობის მნიშვნელობა
მეორე პრინციპი, რომელიც ხშირად იწვევს დაბნეულობას არის არჩევანის რიგითობის მნიშვნელობა. მაგალითად, ხშირად გაიგებ ისეთ ფრაზებს, როგორიცაა "ამ პროგრამას პირველზე თუ არ დაწერ აზრი არ აქვს". სინამდვილეში, მსგავსი ფრაზა ფუნდამენტურად არასწორი კუთხიდან უყურებს საკითხს.
რიგითობას მნიშვნელობა აქვს მხოლოდ კონკრეტული აბიტურიენტისთვის და განსაზღვრავს სად მოხვდება. მთავარი პრინციპია, რომ მოხვდები ყველაზე მაღალ/პირველ არჩევანში სადაც გაქვს საკმარისი ქულები მოსახვედრად.
მაგალითად, წარმოვიდგინოთ მაგალითი, რომ თავისუფალის კომპიუტერული მეცნიერება მიწერია მეთხუთმეტე ადგილზე. მანამდე 14 პროგრამა მიწერია ისტორიით. გავედი ეროვნულებზე, ისტორია დავწერე ძალიან ცუდად, ხოლო სხვა ყველა საგანში ავიღე მაქსიმალური ქულები. იმ პირველ 14 პროგრამაზე ვერ მოვხვდები ისტორიის გამო, ხოლო თავისუფალში, რომელიც მეთხუთმეტე ადგილზე მიწერია, ვარ ლეგიტიმური კანდიდატი. შესაბამისად, ჩემი საკონკურსო ქულა ეჯიბრება/ედარება ყველა სხვა ლეგიტიმურ კანდიდატს ამ პროგრამაზე, არ აქვს მნიშვნელობა მათ ეს პირველ არჩევანად უწერიათ თუ არა. რადგან მე მათემატიკით უმაღლესი ქულები მაქვს, ჩავირიცხები მე, მიუხედავად იმის რომ ასე დაბლა მეწერა ეს პროგრამა.
ეს მაგალითი უბრალოდ პრინციპის ასახსნელად მოვიყვანე, რომ პროგრამის დაბლა ჩაწერა არ ნიშნავს, რომ შენი შანსები მცირდება, ან შენი ქულა რამენაირად მეორე ხარისხოვანი ხდება სხვებთან შედარებით.
ამ ყველაფრიდან ორი დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომელიც დალაგებაში დაგეხმარება:
- პირველ ადგილებზე ყოველთვის ჩაწერე ის პროგრამები, სადაც ყველაზე მეტად გინდა. ეს არის ყველაზე მთავარი ფაქტორი.
- იმ შემთხვევებში, როდესაც რამდენიმე პროგრამაზე თანაბრად გინდა, პირველ ადგილებზე ჩაწერე ის, სადაც ნაკლები შანსი გაქვს მოხვედრის.
მიღებული ქულების ფარდობითობა
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომ ვერავინ იტყვის წინასწარ ვინ რა ქულით სად მოხვდება არის ის, რომ ყოველ წელს არის ტესტებს შორის და აბიტურიენტების მომზადებას შორის გარკვეული ვარიაციები. მაგალითად, წელს თუ ისტორიაზე მოვა შედარებით მარტივი გამოცდა, საშუალო ქულა ბუნებრივად აიწევს. და შარშან თუ 45 კარგ ქულად ითვლებოდა, წელს იგივე 45 ქულა შეიძლება საშუალო გახდეს. ანუ აქაც იგივე პრინციპია მთავარი - ქულის ფარდობითობა სხვების ქულებთან მიმართებით.
სკალირებით ხდება ამ ნედლი ქულების, საგნებს და ვარიანტებს შორის ნორმალიზაცია, თუმცა "ამ ქულით აქ მოვხვდები" კითხვები უმეტეს წილად ნედლი ქულით არის ხოლმე დასმული, შესაბამისად ამ ნაწილს დიდი გავლენა არ აქვს მსგავს პროგნოზზე.
კონკურენციის ცვალებადობა
მეორე მიზეზი, რატომაც ზუსტად ვერავინ გეტყვი თუ რა ქულით სად მოხვდები, არის კონკურენციის ცვალებადობა წლიდან წლამდე. ეს კონკურენცია განისაზღვრება არა მხოლოდ კანდიდატების რაოდენობით (რაოდენობის ნახვა შესაძლებელია), არამედ ასევე კონკურენციის ხარისხით. იდეაში, ერთსა და იმავე პროგრამას შეიძლება პოზიციონირება შეეცვალოს წლიდან წლამდე, რაოდენობრივად იგივე ხალხი ეწეროს, მაგრამ ერთ წელს შედარებით საშუალო აბიტურიენტებს ჰქონდეთ ის არჩეული, ხოლო მეორე წელს — განსაკუთრებით ბეჯითებს.
ეს ფაქტორი წელს განსაკუთრებით რელევანტურია, რადგანაც შეიცვალა დაფინანსების წესი, მნიშვნელოვნად შეიცვალა პროგრამები სხვა და სხვა უნივერსიტეტში, ადგილების რაოდენობა. ეს ყველაფერი ასევე იწვევს დაბნეულობასაც და საბოლოო ჯამში, კონკურენცია წინა წლებთან შედარებით შეიცვლება. არ ნიშნავს, რომ გაიზრდება, უბრალოდ სხვა და სხვა პროგრამებზე წინა წლებთან შედარებით შეიძლება განსხვავებული სურათი იყოს.
და მაინც, ანალიზის მნიშვნელობა
მიუხედავად ამ ფაქტორებისა, გვაქვს ბევრი ინფორმაცია, რომელიც გამოსადეგია პროგრამების დალაგების პროცესში. ამ ყველა ინფორმაციის სწორად გამოყენებას ემსახურება ჩვენ მიერ შექმნილი ხელსაწყოც.
- ვიცით ყველა პროგრამაზე არსებული ადგილები და ცვლილებები წინა წლებთან შედარებით
- ვიცით წინა წლების ჩარიცხვები, ქულები, კონკურენცია თითოეულ პროგრამაზე
- ვიცით არსებული კონკურენცია (არჩევანის რაოდენობა) მიმდინარე წელს
- ეროვნულების მერე ასევე გეცოდინება აღებული ქულები და გექნება შანსი კიდევ ერთხელ გადაალაგო შენი არჩევანი.
ხელსაწყოს მეთოდოლოგია
წინა წლის მონაცემები
ძირითადი მონაცემები, რაზეც დაფუძნებულია ხელსაწყო - ეს არის წინა წლის ჩარიცხვები. თითოეული აბიტურიენტის არჩევანი, ქულები, ჩარიცხვები და პროგრამებზე არსებული ადგილები არის ის საწყისი მონაცემები, რომელზეც ეს ხელსაწყო ეფუძნება.
2026 წლის პროგრამების დაკავშირება 2025 წლის პროგრამებთან
თითოეული 2026 წლის პროგრამა დაკავშირდა 2025 წლის პროგრამასთან. მარტივ შემთხვევებში წლებს შორის პროგრამა არ შეცვლილა და ზუსტად გადმოვიდა. შედარებით მარტივ შემთხვევებში შეიცვალა მხოლოდ ჯამური ადგილების რაოდენობა ან არჩევით საგნებს შორის ადგილების გადანაწილება. ბევრ შემთხვევაში შეიცვალა პროგრამის კოდი ან დასახელება და მოხდა ამ პროგრამების დაკავშირება. სრულიად ახალი პროგრამების შემთხვევაში ვიყენებთ უნივერსიტეტის საშუალო სტატისტიკებს და მსგავსი პროგრამის სტატისტიკას. სახელმწიფო პროგრამებზე სადაც მოხდა გაერთიანება, დავაფიქსირეთ თუ სად რა გაერთიანდა. ასევე იყო სხვა წვრილ-წვრილი გამონაკლისები, რომლებიც აქ ჩამოსათვლელად ბევრია.
საკონკურსო ქულის განსაზღვრა
ნედლი ქულიდან საკონკურსო ქულამდე მისასვლელად, ჯერ ხდება ქულების სკალირება წინა წლის საშუალო მამრავლების მიხედვით, ხოლო შემდეგ თითოეულ პროგრამაზე, შესაბამის კოეფიციენტებზე გამრავლება და დაჯამება.
ზღვრული ქულის დათვლა
შემდეგი ნაბიჯი იყო, თითოეულ პროგრამაზე, იმ ზღვრული საკონკურსო ქულის დათვლა, რომელიც იქნება საპროგნოზო ქვედა ზღვარი ჩასარიცხად. იმ პროგრამებზე, რომლებზეც არ მომხდარა ცვლილება, ავიღეთ ჩარიცხულთა ბოლო 10% და დავითვალეთ მათი საშუალო ქულა და სტანდარტული გადახრა. განსაკუთრებით მცირე პროგრამებზე ამ რიცხვის დათვლა მოხდა ფიქსირებული რაოდენობიდან. ზღვრული ქულა ითვლება თითოეულ პროგრამაზე, თითოეულ არჩევით საგანზე, რადგანაც კონკურსი სწორედ ასე ტარდება. არჩევითი საგნის წინა წელს არ არსებობის შემთხვევაში გამოვიყენეთ საერთო ზღვრული ქულა ამ პროგრამაზე.
ზღვრული ქულის 2026 წლის ცვლილებების მიხედვით დაკორექტირება:
- ადგილების შემცირების ან გაზრდის შემთხვევაში, ზღვარი შესაბამისად შეიცვალა (დაშვებებით).
- კონსოლიდირებული პროგრამების ზღვარი დაითვალა წინა წლის დაჯამებული შედეგებით.
- სრულიად ახალ პროგრამებზე გამოვიყენეთ უნივერსიტეტის საშუალო ქულები ზღვრის დასათვლელად.
განზრახ პესიმისტური სცენარი
იმ შემთხვევებში, როცა პროგრამის ზომა გაიზარდა (განსაკუთრებით სახელმწიფოებში), ზღვარი შევამცირეთ იმაზე ნაკლებად ვიდრე ამას მოდელი გვთავაზობდა. ამის ძირითადი მიზეზია ინტერესის შესაძლო ზრდის გათვალისწინება - რადგან სახელმწიფო პროგრამა გახდა უფასო, შესაძლოა ინტერესიც გაიზარდოს. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სწორედ ამ წარმოდგენის გამო, ბევრი ფიქრობს, რომ კონკურენცია სახელმწიფო პროგრამებში იზრდება და ამ პროგრამებს აღარ წერენ. შეგახსენებთ, რომ ეს მიდგომა არის აზრს მოკლებული, თუ სადმე გსურს მოხვედრა, ჩაწერე რაც შეიძლება ზემოთ - ყველაზე ცუდ ვარიანტში ვერ მოხვდები მაგრამ ეს არანაირად არ დაგაზარალებს.
როგორ გამოვიყენოთ
საგნები და პროგრამების არჩევანი
პირველი რამდენიმე საფეხური საკმაოდ მარტივი და ადვილი გასაგებია, ამიტომ მოკლედ დავწერ.
- პირველ რიგში ირჩევ ყველა იმ საგანს, რომლის ჩაბარებასაც ფიქრობ ერთიან ეროვნულ გამოცდებში
- შემდეგ შეგყავს მოსალოდნელი ქულები
- შემდეგ ირჩევ სასურველ პროგრამებს, შეგიძლია მოძებნო სახელით ან კოდით, გაფილტრო სპეციალობით ან უნივერსიტეტით. აირჩიე ყველა, სადაც ფიქრობ, რომ გინდა.
პროგნოზის კატეგორიები
პროგნოზის გვერდზე, ერთ-ერთი პირველი, რასაც დაინახავ, არის ის, რომ პროგრამების პროგნოზი კატეგორიებადაა გამოყოფილი. სულ არის ოთხი კატეგორია:
კატეგორიების დაყოფა ხდება იმის მიხედვით თუ რამდენად შორსაა შენი ქულა პროგრამის ზღვრის ქულაზე:
- ძალიან შორს ხარ/ოცნება (z < −1.0 ან ნული). ეს არის პროგრამები, სადაც სტატისტიკურად ძალიან ნაკლები შანსია მოხვედრის. მსგავსი პროგრამები შეგიძლია მაღლა დაწერო პრიორიტეტში, ყველაზე ცუდ ვარიანტში უბრალოდ ვერ მოხვდები. იდეალურ შემთხვევაში კი, იმეცადინებ ფოქსპრეპზე, გააუმჯობესებ ქულებს და მოხვდები.
- ვარიანტ(ებ)ი თუ მოუმატებ/გამოწვევა ( −1.0 ≤ z < +1.0). ეს არის პროგრამების კატეგორია, სადაც ზღვართან ახლოს ხარ. ჩარიცხვა სათუოა, შეიძლება მოხვდე, შეიძლება — ვერა. წინა კატეგორიასთან შედარებით, რეალურია, რომ ქულას მოუმატო და მოხვდე ამ პროგრამებზე.
- სამიზნე ვარიანტები/სამიზნე (+1.0 ≤ z < +2.0). ეს არის პროგრამები, სადაც ზღვარზე მაღლა ხარ და დიდი შანსია მოხვედრის.
- სადაზღვევოდ კარგი ვარიანტები/სადაზღვევო (z ≥ +2.0) ეს არის ვარიანტები, სადაც თითქმის გარანტირებულად ხვდები და ზღვარზე ბევრად მაღლად ხარ. მსგავსი პროგრამები იდეალურია სიაში ქვემოთ დასაწერად, თუ რამე მოხდა, მაინც ხვდები.
პროგრამის პროგნოზის ბარათი
შემდეგ თითოეულ პროგრამაზე დაინახავ შემაჯამებელ ბარათს, სადაც ჩანს ვერდიქტი (ამ შემთხვევაში ზღვარზე). ასევე პროგრამის კოდი, ფასი, შენი ქულა, ზღვარი და სხვა დამატებითი ინფორმაცია.
პროგრამის პროგნოზის დეტალები
თითოეული პროგრამის ბარათზე არის დეტალების ღილაკი, რომელზეც დაჭერით კიდევ დამატებითი ინფორმაციის ნახვა არის შესაძლებელი.
პირველ რიგში, ეს არის პროგნოზი თითოეული შესაძლო არჩევითი საგნის მიხედვით. ანუ თუ მაგალითად მათემატიკითა და ისტორიით შეგიძლია ჩაბარება და შენ ორივე საგანს აბარებ, სისტემა განსაზღვრავს რომელი საგნით გაქვს უკეთესი შანსი მოსახვედრად და იმას პრიორიტეტად ადგენს.
იქვე ქვემოთ კი კიდევ ოთხი დამატებითი ხელსაწყოა, რომლებიც შეგიძლია გამოიყენო:
- როგორ გამოვითვალეთ შენი ქულა - გაჩვენებს საფეხურებს ნედლი ქულებიდან საკონკურსო ქულამდე.
- რომელი საგნები გავაუმჯობესო - გაჩვენებს სად გაქვს დიდი სხვაობა მაქსიმალურ ქულებთან, ჩარიცხულების საშუალო ქულებთან და ასევე აჩვენებს საგნის კოეფიციენტის მამრავლს.
- მოთხოვნები - არსებული პროგრამის ზღვარს აკმაყოფილებ თუ არა თითოეულ საგანში. ასევე ჩანს არ არჩეული ალტერნატიული არჩევითი საგნებიც.
- ბოლოს: თუკი არსებობს წინა წლის ინფორმაცია, ნაჩვენებია სამი ყველაზე დაბალი ქულით ჩარიცხული აბიტურიენტი ამ პროგრამაზე და მათი ნედლი ქულები. შესადარებლად ზოგჯერ საინტერესოა.
ხელსაწყო: დამალაგებინე
შედეგების გვერდის ბოლოში დაინახავ 'დამალაგებინე' ღილაკს, რომელიც შევქმენით რათა ეს მთელი ანალიზი გადააქციო შენს პრიორიტეტულ სიად.
აქ გამოჩნდება ყველა პროგრამა, რომელიც შენ აირჩიე. ავტომატურად, ისინი დალაგებული იქნება ნაკლებად სავარაუდოდან მეტად სავარაუდომდე პრინციპით. აქ შეგიძლია საკუთარი სურვილის შესაბამისად ეს პროგრამები გადაადგილო, ხოლო ბოლოს, გაზიარების ღილაკზე დაჭერით ან სურათად შეინახო დალაგებული პროგრამები ან გააზიარო სხვა და სხვა ჩათებში, სოციალურ ქსელებში და ასე შემდეგ.
იმედი გვაქვს ეს ყველაფერი ცოტათი მაინც გაგიადვილებს ამ პროცესს.
რაც მთავარია, გააგრძელე მეცადინეობა. მაღალი ქულის აღება საუკეთესო გზაა ნაკლებად ინერვიულო სად რა ქულით მოხვდები.
მოემზადე ეროვნულებისთვის FoxPrep-ზე
მადლობა და წარმატებები!